Thursday, 8 February 2018


ოტო ფონ ბისმარკი (1815-1898)



otto-von-bismarck-010
ოტო ფონ ბისმარკი (1815-1898)

ისტორიაში ბევრნი არ არიან ისეთი ტიპები, რომლებიც ერთპიროვნულად ცვლიან ისტორიის მიმართულებას, ერთ ასეთზე – კარდინალ რიშელიეზე, უკვე ვისაუბრე. დღეს გერმანიის გამაერთიანებელზე, ოტო ფონ ბისმარკზე მოვყვები. მართალია, საერთაშორისო პოლიტიკური რეალიზმი, როგორც თეორია, მე-20 საუკუნის პროდუქტია და ეს არაერთხელ გაგვიგონია, თუმცა ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ  თეორიის პრინციპების მიდევნება მანამდე არ ხდებოდა. განსხვავებული გზით, თუმცა რიშელიეს სტრატეგიას მისდევს ოტო ფონ ბისმარკი, რომელიც მე-19 საუკუნის 60 – იანი წლებიდან ჯდება პრუსიის სამეფოს საჭესთან და მალევე უზრუნველყოფს საკუთარ არცთუ მოკრძალებულ ადგილს მსოფლიო ისტორიაში. დიახ, ძალიან ცოტა სახელმწიფო მოღვაწეს შეუცვლია ისტორიის კურსი ისე, როგორც ბისმარკს – მისი ხელისუფლებაში მოსვლისას გერმანიის ერთიანობა მხოლოდ კონსტიტუციური ერთობით შეიძლებოდა მიღწეულიყო, მან კი იგივე პრუსიული ძლიერების გარშემო განახორციელა.
ბისმარკისთვის პოლიტიკური ცხოვრება დაიწყო მეტერნიხის სისტემის აღმავლობის პირობებში, რომელსაც სამი ძირითადი ელემენტი ახასიათებდა: 1. ევროპული ძალთა ბალანსი; 2. შიდა გერმანული წონასწორობა ავსტრიასა და პრუსიას შორის; 3. ალიანსების სისტემა კონსერვატიულ ღირებულებზე დაყრდნობით. ვენის წესრიგმა გამორიცხა ძალადობა, რადგან სისტემის თითეულ მონაწილეს სჭირდებოდა ის, ხოლო პრუსია, ავსტრია და რუსეთი ერთმანეთის ღირებულებების გვერდით იდგნენ.

europaftcongvienna
ევროპა ვენის კონგრესის შემდეგ (1815 წ.)

ბისმარკს სძულდა ვენის მოწყობა, რადგან ამ სისტემის მეშვეობით, პრუსიას, როგორც ავსტრიის უმცროს პარტნიორს, ისე უყურებდნენ გერმანულ კონფედერაციაში. თუ პრუსიას უნდა განეხორციელებინა საკუთარი ბედისწერა და გერმანია გაეერთიანებინა, მაშინ ვენის მოწყობა უნდა ჩამოშლილიყო. იმავე აზრზე იდგა საფრანგეთის მმართველი, 1848 წელს პრეზიდენტად არჩეული, ხოლო 1852 წელს გადატრიალების შედეგად იმპერატორად ქცეული ნაპოლეონ III, რომელსაც ვენის სისტემა საფრანგეთის შემაკავებელ ინსტრუმენტად მიაჩნდა.
ბისმარკისთვის ღირებულებებზე დაყრდნობილი საგარეო პოლიტიკის გატარება თვითმიზანი არასდროს ყოფილა, საშინაო ასპარეზზე კონსერვატიული მიდგომების პატივისცემა, ხოლო საგარეოზე, მისი სახელმწიფოსთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღება, მისი აზრით, საუკეთესო ფორმულას წარმოადგენდა გერმანიის გასაერთიანებლად. რიშელიეს მსგავსად, ბისმარკმა (მიუხედავად მთლიანობაში, კონსერვატიული ღირებულებების მომხრეობისა), კონსერვატორ მენტორებთან გაყო გზები, რადგან ისინი, მისი აზრით, ზღუდავდნენ პრუსიის მოქმედების თავისუფლებას.
1856 წ. ბისმარკი, როგორც პრუსიის დესპანი გერმანიის კონფედერაციაში, ამბობს, რომ პრუსია უფრო ღია უნდა იყოს ნაპოლეონთან მიმართებაში, როცა პრუსიელი კონსერვატორების თვალში, ნაპოლეონ III სხვა არაფერია, თუ არა მეფის ლეგიტიმური ტახტის უზურპატორი გადატრიალების მეშვეობით. მათთვის ნაპოლეონი ექსპანსიონისტურ საფრთხესა და ფრანგული რევოლუციის იდეალებს წარმოადგენს. „მე არ შემიძლია გავექცე იმ ფაქტს, რომ დღევანდელი ავსტრია შეუძლებელია იყოს ჩვენი მეგობარი, იმ პირობებში, როცა ის არ თანხმდება საკუთარი გავლენის ზონების შეზღუდვას.“ – ბისმარკი იმ პერიოდში პირველად ახმოვანებს ავსტრიის, როგორც მეტოქის ნარატივს და აუცილებლად მიიჩნევს საგარეო პოლიტიკაში მოქნილობის არსებობას და არაადეკვატურად მიაჩნია იდეოლოგიური პრიზმიდან სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობების წარმოება, – „საფრანგეთი მე მაინტერესებს იმ კუთხით თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მან ჩემს ქვეყანაზე, ჩვენ იმ საფრანგეთთან უნდა ვაწარმოოთ ურთიერთობა, რომელიც არსებობს. როგორც რომანტიკოსმა შემიძლია ცრემლი დავღვარო ანრი V – ისთვის (ტახტის მემკვიდრე ბურბონთა დინასტიიდან, რომელსაც, კონსერვატორთა თვალთახედვიდან, გვირგვინი წაართვა ნაპოლეონ III-მ – რ.თ.), თუმცა როგორც დიპლომატისთვის, საფრანგეთი ერთი ჩვეულებრივი ფიგურაა საჭადრაკო დაფაზე, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ხელმძღვანელობს მას.“
1848 წლის რევოლუციის შემდეგ პრუსია მნიშვნელოვანწილად შეცვლილია, პირველად ისტორიაში ჰყავს პარლამენტი, არსებობს არჩევნები და პოლიტიკური კამპანიები, რასაც ბისმარკი კარგად უღებს ალღოს. სწორედ ამ დროიდან იწყება მისი შესვლა აქტიურ პოლიტიკაში – 1849 წელს ის პრუსიული პარლამენტის წევრი ხდება, ამის შემდეგ დიპლომატიურ სამსახურში მიდის, მსახურობს რა პრუსიის ელჩად საფრანგეთსა და რუსეთის იმპერიაში.
მისი აღმავლობა უმაღლეს საფეხურებზე უკავშირდება 1862 წელს, როცა არმიის რეფორმირებასთან დაკავშირების მონარქსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის კრიზისი დაიწყო. მეფე ვილჰელმ I – ს სურდა არმიის გაძლიერება და მისი რიცხოვნობის მატება, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობა დაფინანსებაზე უარს ამბობდა. ბისმარკმა ამ ყველაფერს რეალურად პარლამენტის გვერდის ავლით მიაღწია.
დაფინანსების გასამართლებლად იდეალური გამოდგა ომი დანიასთან, შლეზვიგ-ჰოლშტაინისთვის, 1864 წელს. ამის გარდა, იმ პერიოდში ბისმარკისთვის მნიშვნელოვანი იყო ნაციონალისტური ძალების მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც პარლამენტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ. 1863 წელს ფრედერიკ VII – მ, დანიის მეფემ, გამოაცხადა ერთიანი კონსტიტუცია შლეზვიგისა და დანიისთვის, რამაც გერმანელების აღშფოთება გამოიწვია, საკითხის გადაწყვეტა სამხედრო გზით მოხდა, 9-თვიანი ომის შემდეგ, ჰოლშტაინი ავსტრიელებმა დაიკავეს, ხოლო შლეზვიგი – პრუსიამ.
ბისმარკის პოპულარობის ზრდასთან ერთად, მან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისთვის დაიწყო ზრუნვა. ამჯერად დღის წესრიგში გერმანიის კონფედერაციაში ავსტრიის ჩაჩოჩება და ჩრდილოეთ ნაწილში სრული დომინაციის მოპოვება დადგა. ბისმარკის მიზანი უშუალოდ ომამდე ის იყო, რომ ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთი, პრუსიასა და ავსტრიას შორის შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, ნეიტრალურნი დარჩენილიყვნენ. ამ მიზნის გადაწყვეტას გროსმაისტერობა არ სჭირდებოდა: ბრიტანეთს უფრო მეტად ავსტრიის ძლიერება ანაღვლებდა, შესაბამისად მის სასარგებლოდ, ცხადია, არ ჩაერთვებოდა ომში; საფრანგეთს ერჩივნა ორ გეოპოლიტიკურ მეტოქეს ერთმანეთი გამოეფიტა; რუსეთი კი მოკავშირეს ხედავდა პრუსიაში პოლონელების წინააღმდეგ, ამის გარდა, ახსოვდა ავსტრიის მხარდაჭერა პოლონელებისთვის აჯანყების დროს. 7-კვირიანი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ პრუსია დომინანტი ხდება ჩრდილოეთ გერმანიაში, ავსტრიას ატოვებინებენ ჰოლშტაინს, გერმანიის კონფედერაცია სრულდება, პრუსია იღებს რა კონტროლს კონფედერაციის ჩრდილო გერმანულ ნაწილზე. ამის შემდეგ ყურადღება გადადის სამხრეთ გერმანულ ტერიტოერიებზე, რისთვისაც საფრანგეთის დამარცხებაა საჭირო.
საფრანგეთთან 1870-71 წლების ომით ბისმარკმა საბოლოოდ დაასრულა პირველი საჭადრაკო პარტიის თამაში, მოახერხა რა 1871 წლის 18 იანვარს საფრანგეთის სიდიადის არქიტექტურულ სიმბოლოში, ვერსალის სასახლეში გერმანიის გაერთიანების ფინალიზება, რითაც რადიკალურად შეცვალა 1815 წლის ვენის სისტემა, გახდა რა დომინანტი ევროპაში, დაამცრო საფრანგეთის სიძლიერე და დაიწყო ახალი ბალანსის შექმნა. ბისმარკი ამერიდან გაერთიანებული გერმანიის კანცლერია.

europe_1871_map_de
ევროპა გერმანიის გაერთიანების შემდეგ (1871 წ.)

1871 წლიდანვე ბისმარკი მეორე საჭადრაკო პარტიის თამაშს იწყებს, რომლის მიზანიც გერმანიისთვის სამ ომში მოპოვებული ძლიერების შენარჩუნება და ევროპის კონტინენტზე ფართომასშტაბიანი კონფლიქტების დაუშვებლობაა. ბისმარკი ხვდება რა, რომ საფრანგეთის სრული იზოლაცია და მისთვის პატარა სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება ვერ მოხერხდება, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ დაუშვას საფრანგეთის პარტნიორობა მის აღმოსავლეთით მდებარე რომელიმე სახელმწიფოსთან – ავსტრია-უნგრეთთან ან რუსეთთან. ის უმიზნებს ისეთი ალიანსის შეკვრას, რომელიც უზრუნველყოფს, რუსეთის როლის მინიმიზებას ევროპაში და ავსტრია-უნგრეთის „უმცროს ძმად“ ქცევას.
ავსტრია-რუსეთის დამეგობრება რთული საქმე იყო, რადგან ოტომანების დასუსტება ორივე მათგანთვის ბალკანეთზე საკუთარი გავლენის გაფართოების შესაძლებლობას წარმოადგენდა. 1871-90 წლებში ბისმარკი მათ ურთიერთობებში მსაჯულის როლს ასრულებს. ამ ფრონტზე ბისმარკს არაერთი წინაღობა შეხვდა – ყველაზე რთული ამ კონტექსტში 1878 წელს განვითარებული მოვლენები იყო, როცა რუსეთმა სან-სტეფანოს ზავით ბულგარეთზე კონტროლი მოიპოვა, თუმცა „ბერლინის კონგრესის“ შემდეგ, ისევ დაკარგა – ბულგარეთი მნიშვნელოვანი იყო, რამეთუ უზრუნველყოფდა რუსეთის წვდომას ხმელთაშუა ზღვაზე. იმავე ბერლინის ხელშეკრულებამ ავსტრიას ნება დართო ბოსნია ჰერცეგოვინაზე აეღო კონტროლი. დიდმა სხვაობამ სან-სტეფანოსა და ბერლინის შეთანხმებებს შორის მნიშვნელოვნად დაძაბა რუსეთ-გერმანიის ურთიერთობები, ბისმარკი იძულებული შეიქნა კიდევ ერთი მანევრი განეხორციელებინა, რუსეთის მის მხარეზე დარჩენისთვის – 1879 წლის 7 ოქტომბერს ფორმდება ხელშეკრულება ავსტრია-უნგრეთსა და გერმანიას შორის – ე.წ. ორმხრივი ალიანსი, რომლითაც ორივე სახელმწიფო ნეიტრალურია ერთმანეთის ომებში, გარდა იმ შემთხვევისა თუ აგრესორი რუსეთია – რუსეთი რეალურად ამ ხელშეკრულებით იზოლაციაში ექცევა. მოგვიანებით, ისტორიკოსი უილიამ ქარი დაწერს: „არც ერთ შემთხვევაში ბისმარკი არ აკეთებდა არჩევანს ავსტრია-უნგრეთსა და რუსეთს შორის. ეს ალიანსი იყო დროებითი მოვლენა სუსტი ძალთა ბალანსის შესანარჩუნებლად ბალკანეთში, რათა არ დაწყებულიყო კონფლიქტი რუსეთსა და ავსტრიას შორის.“
ალიანსის შესახებ ამბის გაგების შემდეგ რუსეთი თავს იზოლირებულად გრძნობს, ბისმარკი ზეწოლას ახდენს ავსტრია-უნგრეთზე ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომელსაც საბოლოოდ ხელი ეწერება 1881 წლის 18 ივნისს – ისტორიისთვის ცნობილია, როგორც ე.წ. სამი იმპერატორის კავშირი. რუსეთთან ურთიერთობა დაიძაბა ალექსანდრე II – ის მკვლელობისა და ალექსანდრე III – ის მოსვლის შემდეგ, და მას იზოლირების საფრთხის შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენეს 1882 წელს, როდესაც მაისში გერმანია- ავსტრია-უნგრეთ -იტალიის ხელშეკრულება ფორმდება – ე.წ. სამმაგი ალიანსი,  ასევე 1883 წელს ალიანსში რუმინეთიც ერთიანდება და რუსეთის საზღვარი მნიშვნელოვნადაა მოცული.
გერმანია ამ ალიანსით, დასავლეთით, იტალიას უპირისპირებდა საფრანგეთს, ხოლო აღმოსავლეთით, ავსტრია-უნგრეთსა და რუმინეთს – რუსეთს.
მიუხედავად 1885 წლის ბულგარეთის კრიზისისა, ბისმარკი ახერხებს 1887 წელს ე.წ. Reinsurance Treaty გააფორმოს რუსეთთან, რომლის შინაარსიც ნეიტრალიტეტს დეკლარირებს მესამე სახელმწიფოსთან ომის შემთხვევაში. შეთანხმების პირობებით, სამი წლის შემდეგ ის უნდა გაგრძელებულიყო, რაც რუსეთის საფრანგეთთან ალიანსს შეუძლებელს ხდიდა.
1890 წლის 18 მარტს, ახალგაზრდა მონარქთან ვილჰელმ III – სთან კონფლიქტის გამო, ბისმარკი კანცლერის თანამდებობას ტოვებს. პოსტს ტოვებს პიროვნება, რომელმაც საკუთარი მმართველობის 30 წლამდე პერიოდის განმავლობაში, როგორც საკუთარი სახელმწიფო, ასევე იმ დროინდელი ევროპის პოლიტიკური რუკა შექმნა. ბისმარკის მიერ ალიანსებით დაქსელილი კონტინენტს კი მის მსგავსად ვეღარავინ გაუგო. გათენებული ღამეების, გაუთავებელი მოლაპარაკებების, ათობით ჩამწვარი სიგარისა და შერყეული ჯანმრთელობის ხარჯზე, ის ცდილობდა წარმოუდგენლად დაძაბული კლიმატის ევროპაში, სტაბილურობა და მშვიდობა შეენარჩუნებინა. მისი წასვლის შემდეგ კი მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, აღმოსავლეთის ბლოკი ჩამოიშალა, საფრანგეთმა გაძლიერება განაგრძო, რუსეთმა ბალკანეთში დამოუკიდებელ მოქმედებებს მიჰყო ხელი.
1894 წელს კი ბისმარკის საშინელი კოშმარი რეალობად იქცა, რუსეთი და საფრანგეთი სამხედრო ალიანსს აფორმებენ – პირველ მსოფლიო ომამდე დროის ათვლა დაიწყო.
რატი თვალავაძე     

4 comments:

  1. უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც ეპოქა შექმნა. საინტერესო სტატიაა და მრავლისმომცველი.

    ReplyDelete
  2. ძალიან საინტერესო პოლიტიკოსი საინტერესო სტატიაში. მაკიაველიზმის იდეალური ხორცშემსხმელი. ისე, ჩვენს ქვეყანას როგორ დაეხმარებოდა ბისმარკის ტალანტი...

    ReplyDelete
    Replies
    1. ნამდვილად,გეთანხმები.

      Delete
  3. გენიოსი პოლიტიკოსი .....საინტერესო სტატიაა...

    ReplyDelete

ჩემი სტატია

  მუზეუმების როლი სასკოლო განათლებაში    თბილისი N24 საჯარო სკოლის ისტორიის მასწალებელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო...

რჩეული ამბები