Saturday, 5 August 2023

ჩემი სტატია

 



მუზეუმების როლი სასკოლო განათლებაში

  თბილისი N24 საჯარო სკოლის ისტორიის მასწალებელი

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო პროცესის წარმართვა,საგაკვეთილო პროცესში განსხვავებული ინტერესების,შეხედულებების, საჭიროებების მოსწავლეთა ჩართვას, დიფერენცირებულ მიდგომას, მრავალფეროვანი,მიზნობრივი აქტივობებით შინაგანი მოტივაციის გაღვივებას და მათთვის მყარი გამოცდილების მიცემას გულისხმობს.

 მოსწავლეები ერთმანეთისგან განსხვადებიან დასწავლის უნარ-ჩვევებით. ჰოვარდ გარდნერის მრავლმხრივი განვითარების  თეორია ინტელექტის ათ  სახეობას და მათ შესაბამის სწავლის სტილს გამოყოფს.მათგან  სამი მოდალობა: ვიზუალური,კინესთეტიკური და სმენითი,ყველაზე მეტადაა   გავრცელებული.

      მეცნიერული კვლევებით  დასტურდება,რომ ადამიანებს, მოსმენილზე, წაკითხულზე  უკეთ, შეუძლიათ, ისეთი ინფორმაციის დამახსოვრება,რასაც ვიზუალურად  შეიმეცნებენ . „დანახვით სწავლების“  არაჩვეულებრივ შესაძლებლობას კი, მუზეუმი იძლევა.მიუხედავად იმისა,რომ მუზეუმები, თავისი არსითა და ფუნქციით, წარსულშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ადამიანების განვითარებაში,დღესაც იმ  უნიკალურ ადგილად რჩება,სადაც შესაძლებელია, განსხვავებული კულტურების,ისტორიების დამადასტურებელმა არტეფაქტებმა, ნივთების მრავალფეროვანმა კოლექციამ, მნიშვნელოვნად გაამდიდროს ნებისმიერი ასაკის ადამიანის გონება . ესააა შესაძებლობა, მოსწავლემ გამოცდილება მიიღოს ახალ გარემოში,გაიმდიდროს ცოდნა ფართო სპექტრით და აღიჭურვოს იმ უნარ-ჩვევებით, რაც მის წარმატებულ  საქმიანობას ხელს შეუწყობს. 

საკლასო ოთახში მოსწავლეებისთვის ინფორმაციის  გადაცემა სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი,- იქნება ეს ლექცია, ვიდეო თუ სხვდასხვა ინტერაქციული აქტივობები. მუზეუმის არაფორმალური გარემო კი, შესაძლებლობას იძლევა ვიზუალური მასალა, საკლასო სივრცეში მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირდეს და ცოდნის ტრანსფერით, საკითხის სიღრმისეული წვდომა მოხდეს,რაც საფუძვლიანი განათლებისკენ, გზის გაკაფვის შესაძლებლობაა.

 სწორედ ასე მოხდა ჩვენს ერთ  გაკვეთილზეც,-მუზეუმიდან წამოღებული ცოდნის გაცოცხლება.სექტემბრიდან აქტიურად დავიწყეთ ვიზიტები მუზეუმებში. მოსწავლეებისთვის, მდიდარი ექსპონატების,ძვირფასი კოლექციებისა თუ  მრავლისმთქმელი არტეფაქტების გარდა,ძალიან საინტერესო აღმოჩნდა იქ დანერგილი საგანმანათლებლო პროგრამები, რაც, აღმოჩენებით,დანახვითა და  კეთებით სწავლებაში გადატანას გულისხმობს.

ეთნოგრაფიულ მუზეუმში მიღებული ცოდნა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეების სივრცითი,სამეურნეო, კულტურული მრავალფეროვნების შესახებ,  პრაქტიკული მუშაობის გამოცდილების გაზიარების გამოყენება კულტურისა და ხელოვნების სასახლიდან, კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმში მოსმენილი საგანმანათლებლო პროგრამა: „დედამიწა ჩვენი სახლია“, გახდა ინსპირაცია მოსწავლეებისათვის,  ახალი შემოქმედებითი პროდუქტის შექმნისათვის.

 აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ისინი გაეცნენ ეკოლოგიური კატასტროფების გამომწვევ მიზეზებს, საყოფაცხოვრებო ნარჩენების მეორეული გადამუშავების ტექნოლოგიებს და ვიზუალურად ნახეს, ის საინტერესო ნივთები,  რომლებიც გამოუყენებელი მასალისგან იქნა დამზადებული.

გადავწყვიტე, მუზეუმებში მიღებული გამოცდილება  გამეძლიერებია და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული კომპლექსური დავალების პირობა  შემეთავაზებინა მათთვის. მოსწავლეება,არქიტექტორის როლი მოირგეს და სვანეთის კლიმატურ/რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით,საცხოვრისის ტიპის მაკეტები წარმოადგინეს.გამოუსადეგარი ნივთებით-კვერცხის სათავსი კოლოფებით, ე.წ. „ლატოკებით“, მუყაოს, „სიმფერპოლის“ ნარჩენი ძაფის,ფიქალის ფენების  და ა.შ. გამოყენებით , შესანიშნავი  მაკეტები დაამზადეს,დროსა და სივრცეში გვამოგაზურეს და კუთხისთვის დამახასიათებელი გეოგრაფიული გარემოს ცოდნასთან ერთად, შემოქმედობითობის,ანალიტიკური აზროვნების მაღალი დონეც აჩვენეს. შემდე კი, შექმნილი რესურსი თავიანთ თანატოლებს,უფროსკლასელებს, მასწავლებლებს სიხარულით  გაუზიარეს. სკოლის დერეფანში გამოფენილმა მაკეტებმა,უამრავი ადამიანის:მშობლის,მოსწავლის,პედაგოგისყურადღება მიიპყრო.  ბავშვებში იგრძნობოდა უდიდესი მოტივაცია და სიხარული, აქტიურად აცნობდნენ დაინტერესებულ საზოგადოებას თითოეული ნამუშევრის იდეას,დეტალებს.კლასის მიღმაც, არაერთმა მოსწავლემ გამოხატა სურვილი, თავადაც ჩართულიყვნენ მსგავსი ტიპის აქტივობაში და საკუთარი შესაძლებლობებიც გამოეცადათ.

 და ბოლოს, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას ,რომ :

 

მუზეუმები ქმნიან შესაძლებლობას  ადამიანები გაეცნონ მათ გარშემო არსებულ სამყაროს;

მუზეუმები შესანიშნავი ადგილია მოსწავლეებისთვის, რომ ისწავლონ სხვადასხვა დარგში, მიიღონ ახალი გამოცდილება ;

 მუზეუმები უზრუნველყოფენ უნიკალურ გარემოს პედაგოგებისთვის, რათა ასწავლონ მოსწავლეებს  სხვადასხვა თემები;

მუზეუმები შესანიშნავ საშუალებას აძლევს ბავშვებს აღფრთოვანდნენ სასკოლო საგნებით;

მუზეუმები აძლევენ მოსწავლეს შემოქმედებითობის,კრიტიკული აზროვნების, ცნობისმოყვარეობის  გაღვივების შესაძლებლობას;

მუზეუმი ,სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს ,  რომლებსაც  აღენიშნებათ სწავლის უნარის დაქვეითება თუ სხვა საჭიროებები,სთავაზობს  მრავალფეროვან ინსტრუმენტებს და ეხმარება სირთულეების დაძლევაში.

მუზეუმის ,როგორც საგანმანათლებლო რესურსის გამოყენება,ააქტიურებს ეროვნული სასწავლო გეგმითა და სტანდარტით გათვალისწინებული უნარ-ჩვევევების  გამომუშავებას.



















Monday, 25 June 2018

     


  გსურს გაიგო "ვინ ხარ",უნდა შეიგნო "ვინ იყავი ",გინდა იქცე "რამედ",უნდა შეიტყო "რა განვლე," "საითკენ"?          გრ.რობაქიძე 

Wednesday, 13 June 2018

                   http://www.mes.gov.ge/                                                          




 

                                                                 http://tpdc.gov.ge/geo/      

Thursday, 8 February 2018


ოტო ფონ ბისმარკი (1815-1898)



otto-von-bismarck-010
ოტო ფონ ბისმარკი (1815-1898)

ისტორიაში ბევრნი არ არიან ისეთი ტიპები, რომლებიც ერთპიროვნულად ცვლიან ისტორიის მიმართულებას, ერთ ასეთზე – კარდინალ რიშელიეზე, უკვე ვისაუბრე. დღეს გერმანიის გამაერთიანებელზე, ოტო ფონ ბისმარკზე მოვყვები. მართალია, საერთაშორისო პოლიტიკური რეალიზმი, როგორც თეორია, მე-20 საუკუნის პროდუქტია და ეს არაერთხელ გაგვიგონია, თუმცა ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ  თეორიის პრინციპების მიდევნება მანამდე არ ხდებოდა. განსხვავებული გზით, თუმცა რიშელიეს სტრატეგიას მისდევს ოტო ფონ ბისმარკი, რომელიც მე-19 საუკუნის 60 – იანი წლებიდან ჯდება პრუსიის სამეფოს საჭესთან და მალევე უზრუნველყოფს საკუთარ არცთუ მოკრძალებულ ადგილს მსოფლიო ისტორიაში. დიახ, ძალიან ცოტა სახელმწიფო მოღვაწეს შეუცვლია ისტორიის კურსი ისე, როგორც ბისმარკს – მისი ხელისუფლებაში მოსვლისას გერმანიის ერთიანობა მხოლოდ კონსტიტუციური ერთობით შეიძლებოდა მიღწეულიყო, მან კი იგივე პრუსიული ძლიერების გარშემო განახორციელა.
ბისმარკისთვის პოლიტიკური ცხოვრება დაიწყო მეტერნიხის სისტემის აღმავლობის პირობებში, რომელსაც სამი ძირითადი ელემენტი ახასიათებდა: 1. ევროპული ძალთა ბალანსი; 2. შიდა გერმანული წონასწორობა ავსტრიასა და პრუსიას შორის; 3. ალიანსების სისტემა კონსერვატიულ ღირებულებზე დაყრდნობით. ვენის წესრიგმა გამორიცხა ძალადობა, რადგან სისტემის თითეულ მონაწილეს სჭირდებოდა ის, ხოლო პრუსია, ავსტრია და რუსეთი ერთმანეთის ღირებულებების გვერდით იდგნენ.

europaftcongvienna
ევროპა ვენის კონგრესის შემდეგ (1815 წ.)

ბისმარკს სძულდა ვენის მოწყობა, რადგან ამ სისტემის მეშვეობით, პრუსიას, როგორც ავსტრიის უმცროს პარტნიორს, ისე უყურებდნენ გერმანულ კონფედერაციაში. თუ პრუსიას უნდა განეხორციელებინა საკუთარი ბედისწერა და გერმანია გაეერთიანებინა, მაშინ ვენის მოწყობა უნდა ჩამოშლილიყო. იმავე აზრზე იდგა საფრანგეთის მმართველი, 1848 წელს პრეზიდენტად არჩეული, ხოლო 1852 წელს გადატრიალების შედეგად იმპერატორად ქცეული ნაპოლეონ III, რომელსაც ვენის სისტემა საფრანგეთის შემაკავებელ ინსტრუმენტად მიაჩნდა.
ბისმარკისთვის ღირებულებებზე დაყრდნობილი საგარეო პოლიტიკის გატარება თვითმიზანი არასდროს ყოფილა, საშინაო ასპარეზზე კონსერვატიული მიდგომების პატივისცემა, ხოლო საგარეოზე, მისი სახელმწიფოსთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღება, მისი აზრით, საუკეთესო ფორმულას წარმოადგენდა გერმანიის გასაერთიანებლად. რიშელიეს მსგავსად, ბისმარკმა (მიუხედავად მთლიანობაში, კონსერვატიული ღირებულებების მომხრეობისა), კონსერვატორ მენტორებთან გაყო გზები, რადგან ისინი, მისი აზრით, ზღუდავდნენ პრუსიის მოქმედების თავისუფლებას.
1856 წ. ბისმარკი, როგორც პრუსიის დესპანი გერმანიის კონფედერაციაში, ამბობს, რომ პრუსია უფრო ღია უნდა იყოს ნაპოლეონთან მიმართებაში, როცა პრუსიელი კონსერვატორების თვალში, ნაპოლეონ III სხვა არაფერია, თუ არა მეფის ლეგიტიმური ტახტის უზურპატორი გადატრიალების მეშვეობით. მათთვის ნაპოლეონი ექსპანსიონისტურ საფრთხესა და ფრანგული რევოლუციის იდეალებს წარმოადგენს. „მე არ შემიძლია გავექცე იმ ფაქტს, რომ დღევანდელი ავსტრია შეუძლებელია იყოს ჩვენი მეგობარი, იმ პირობებში, როცა ის არ თანხმდება საკუთარი გავლენის ზონების შეზღუდვას.“ – ბისმარკი იმ პერიოდში პირველად ახმოვანებს ავსტრიის, როგორც მეტოქის ნარატივს და აუცილებლად მიიჩნევს საგარეო პოლიტიკაში მოქნილობის არსებობას და არაადეკვატურად მიაჩნია იდეოლოგიური პრიზმიდან სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობების წარმოება, – „საფრანგეთი მე მაინტერესებს იმ კუთხით თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მან ჩემს ქვეყანაზე, ჩვენ იმ საფრანგეთთან უნდა ვაწარმოოთ ურთიერთობა, რომელიც არსებობს. როგორც რომანტიკოსმა შემიძლია ცრემლი დავღვარო ანრი V – ისთვის (ტახტის მემკვიდრე ბურბონთა დინასტიიდან, რომელსაც, კონსერვატორთა თვალთახედვიდან, გვირგვინი წაართვა ნაპოლეონ III-მ – რ.თ.), თუმცა როგორც დიპლომატისთვის, საფრანგეთი ერთი ჩვეულებრივი ფიგურაა საჭადრაკო დაფაზე, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ხელმძღვანელობს მას.“
1848 წლის რევოლუციის შემდეგ პრუსია მნიშვნელოვანწილად შეცვლილია, პირველად ისტორიაში ჰყავს პარლამენტი, არსებობს არჩევნები და პოლიტიკური კამპანიები, რასაც ბისმარკი კარგად უღებს ალღოს. სწორედ ამ დროიდან იწყება მისი შესვლა აქტიურ პოლიტიკაში – 1849 წელს ის პრუსიული პარლამენტის წევრი ხდება, ამის შემდეგ დიპლომატიურ სამსახურში მიდის, მსახურობს რა პრუსიის ელჩად საფრანგეთსა და რუსეთის იმპერიაში.
მისი აღმავლობა უმაღლეს საფეხურებზე უკავშირდება 1862 წელს, როცა არმიის რეფორმირებასთან დაკავშირების მონარქსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის კრიზისი დაიწყო. მეფე ვილჰელმ I – ს სურდა არმიის გაძლიერება და მისი რიცხოვნობის მატება, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობა დაფინანსებაზე უარს ამბობდა. ბისმარკმა ამ ყველაფერს რეალურად პარლამენტის გვერდის ავლით მიაღწია.
დაფინანსების გასამართლებლად იდეალური გამოდგა ომი დანიასთან, შლეზვიგ-ჰოლშტაინისთვის, 1864 წელს. ამის გარდა, იმ პერიოდში ბისმარკისთვის მნიშვნელოვანი იყო ნაციონალისტური ძალების მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც პარლამენტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ. 1863 წელს ფრედერიკ VII – მ, დანიის მეფემ, გამოაცხადა ერთიანი კონსტიტუცია შლეზვიგისა და დანიისთვის, რამაც გერმანელების აღშფოთება გამოიწვია, საკითხის გადაწყვეტა სამხედრო გზით მოხდა, 9-თვიანი ომის შემდეგ, ჰოლშტაინი ავსტრიელებმა დაიკავეს, ხოლო შლეზვიგი – პრუსიამ.
ბისმარკის პოპულარობის ზრდასთან ერთად, მან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისთვის დაიწყო ზრუნვა. ამჯერად დღის წესრიგში გერმანიის კონფედერაციაში ავსტრიის ჩაჩოჩება და ჩრდილოეთ ნაწილში სრული დომინაციის მოპოვება დადგა. ბისმარკის მიზანი უშუალოდ ომამდე ის იყო, რომ ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთი, პრუსიასა და ავსტრიას შორის შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, ნეიტრალურნი დარჩენილიყვნენ. ამ მიზნის გადაწყვეტას გროსმაისტერობა არ სჭირდებოდა: ბრიტანეთს უფრო მეტად ავსტრიის ძლიერება ანაღვლებდა, შესაბამისად მის სასარგებლოდ, ცხადია, არ ჩაერთვებოდა ომში; საფრანგეთს ერჩივნა ორ გეოპოლიტიკურ მეტოქეს ერთმანეთი გამოეფიტა; რუსეთი კი მოკავშირეს ხედავდა პრუსიაში პოლონელების წინააღმდეგ, ამის გარდა, ახსოვდა ავსტრიის მხარდაჭერა პოლონელებისთვის აჯანყების დროს. 7-კვირიანი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ პრუსია დომინანტი ხდება ჩრდილოეთ გერმანიაში, ავსტრიას ატოვებინებენ ჰოლშტაინს, გერმანიის კონფედერაცია სრულდება, პრუსია იღებს რა კონტროლს კონფედერაციის ჩრდილო გერმანულ ნაწილზე. ამის შემდეგ ყურადღება გადადის სამხრეთ გერმანულ ტერიტოერიებზე, რისთვისაც საფრანგეთის დამარცხებაა საჭირო.
საფრანგეთთან 1870-71 წლების ომით ბისმარკმა საბოლოოდ დაასრულა პირველი საჭადრაკო პარტიის თამაში, მოახერხა რა 1871 წლის 18 იანვარს საფრანგეთის სიდიადის არქიტექტურულ სიმბოლოში, ვერსალის სასახლეში გერმანიის გაერთიანების ფინალიზება, რითაც რადიკალურად შეცვალა 1815 წლის ვენის სისტემა, გახდა რა დომინანტი ევროპაში, დაამცრო საფრანგეთის სიძლიერე და დაიწყო ახალი ბალანსის შექმნა. ბისმარკი ამერიდან გაერთიანებული გერმანიის კანცლერია.

europe_1871_map_de
ევროპა გერმანიის გაერთიანების შემდეგ (1871 წ.)

1871 წლიდანვე ბისმარკი მეორე საჭადრაკო პარტიის თამაშს იწყებს, რომლის მიზანიც გერმანიისთვის სამ ომში მოპოვებული ძლიერების შენარჩუნება და ევროპის კონტინენტზე ფართომასშტაბიანი კონფლიქტების დაუშვებლობაა. ბისმარკი ხვდება რა, რომ საფრანგეთის სრული იზოლაცია და მისთვის პატარა სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება ვერ მოხერხდება, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ დაუშვას საფრანგეთის პარტნიორობა მის აღმოსავლეთით მდებარე რომელიმე სახელმწიფოსთან – ავსტრია-უნგრეთთან ან რუსეთთან. ის უმიზნებს ისეთი ალიანსის შეკვრას, რომელიც უზრუნველყოფს, რუსეთის როლის მინიმიზებას ევროპაში და ავსტრია-უნგრეთის „უმცროს ძმად“ ქცევას.
ავსტრია-რუსეთის დამეგობრება რთული საქმე იყო, რადგან ოტომანების დასუსტება ორივე მათგანთვის ბალკანეთზე საკუთარი გავლენის გაფართოების შესაძლებლობას წარმოადგენდა. 1871-90 წლებში ბისმარკი მათ ურთიერთობებში მსაჯულის როლს ასრულებს. ამ ფრონტზე ბისმარკს არაერთი წინაღობა შეხვდა – ყველაზე რთული ამ კონტექსტში 1878 წელს განვითარებული მოვლენები იყო, როცა რუსეთმა სან-სტეფანოს ზავით ბულგარეთზე კონტროლი მოიპოვა, თუმცა „ბერლინის კონგრესის“ შემდეგ, ისევ დაკარგა – ბულგარეთი მნიშვნელოვანი იყო, რამეთუ უზრუნველყოფდა რუსეთის წვდომას ხმელთაშუა ზღვაზე. იმავე ბერლინის ხელშეკრულებამ ავსტრიას ნება დართო ბოსნია ჰერცეგოვინაზე აეღო კონტროლი. დიდმა სხვაობამ სან-სტეფანოსა და ბერლინის შეთანხმებებს შორის მნიშვნელოვნად დაძაბა რუსეთ-გერმანიის ურთიერთობები, ბისმარკი იძულებული შეიქნა კიდევ ერთი მანევრი განეხორციელებინა, რუსეთის მის მხარეზე დარჩენისთვის – 1879 წლის 7 ოქტომბერს ფორმდება ხელშეკრულება ავსტრია-უნგრეთსა და გერმანიას შორის – ე.წ. ორმხრივი ალიანსი, რომლითაც ორივე სახელმწიფო ნეიტრალურია ერთმანეთის ომებში, გარდა იმ შემთხვევისა თუ აგრესორი რუსეთია – რუსეთი რეალურად ამ ხელშეკრულებით იზოლაციაში ექცევა. მოგვიანებით, ისტორიკოსი უილიამ ქარი დაწერს: „არც ერთ შემთხვევაში ბისმარკი არ აკეთებდა არჩევანს ავსტრია-უნგრეთსა და რუსეთს შორის. ეს ალიანსი იყო დროებითი მოვლენა სუსტი ძალთა ბალანსის შესანარჩუნებლად ბალკანეთში, რათა არ დაწყებულიყო კონფლიქტი რუსეთსა და ავსტრიას შორის.“
ალიანსის შესახებ ამბის გაგების შემდეგ რუსეთი თავს იზოლირებულად გრძნობს, ბისმარკი ზეწოლას ახდენს ავსტრია-უნგრეთზე ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომელსაც საბოლოოდ ხელი ეწერება 1881 წლის 18 ივნისს – ისტორიისთვის ცნობილია, როგორც ე.წ. სამი იმპერატორის კავშირი. რუსეთთან ურთიერთობა დაიძაბა ალექსანდრე II – ის მკვლელობისა და ალექსანდრე III – ის მოსვლის შემდეგ, და მას იზოლირების საფრთხის შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენეს 1882 წელს, როდესაც მაისში გერმანია- ავსტრია-უნგრეთ -იტალიის ხელშეკრულება ფორმდება – ე.წ. სამმაგი ალიანსი,  ასევე 1883 წელს ალიანსში რუმინეთიც ერთიანდება და რუსეთის საზღვარი მნიშვნელოვნადაა მოცული.
გერმანია ამ ალიანსით, დასავლეთით, იტალიას უპირისპირებდა საფრანგეთს, ხოლო აღმოსავლეთით, ავსტრია-უნგრეთსა და რუმინეთს – რუსეთს.
მიუხედავად 1885 წლის ბულგარეთის კრიზისისა, ბისმარკი ახერხებს 1887 წელს ე.წ. Reinsurance Treaty გააფორმოს რუსეთთან, რომლის შინაარსიც ნეიტრალიტეტს დეკლარირებს მესამე სახელმწიფოსთან ომის შემთხვევაში. შეთანხმების პირობებით, სამი წლის შემდეგ ის უნდა გაგრძელებულიყო, რაც რუსეთის საფრანგეთთან ალიანსს შეუძლებელს ხდიდა.
1890 წლის 18 მარტს, ახალგაზრდა მონარქთან ვილჰელმ III – სთან კონფლიქტის გამო, ბისმარკი კანცლერის თანამდებობას ტოვებს. პოსტს ტოვებს პიროვნება, რომელმაც საკუთარი მმართველობის 30 წლამდე პერიოდის განმავლობაში, როგორც საკუთარი სახელმწიფო, ასევე იმ დროინდელი ევროპის პოლიტიკური რუკა შექმნა. ბისმარკის მიერ ალიანსებით დაქსელილი კონტინენტს კი მის მსგავსად ვეღარავინ გაუგო. გათენებული ღამეების, გაუთავებელი მოლაპარაკებების, ათობით ჩამწვარი სიგარისა და შერყეული ჯანმრთელობის ხარჯზე, ის ცდილობდა წარმოუდგენლად დაძაბული კლიმატის ევროპაში, სტაბილურობა და მშვიდობა შეენარჩუნებინა. მისი წასვლის შემდეგ კი მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, აღმოსავლეთის ბლოკი ჩამოიშალა, საფრანგეთმა გაძლიერება განაგრძო, რუსეთმა ბალკანეთში დამოუკიდებელ მოქმედებებს მიჰყო ხელი.
1894 წელს კი ბისმარკის საშინელი კოშმარი რეალობად იქცა, რუსეთი და საფრანგეთი სამხედრო ალიანსს აფორმებენ – პირველ მსოფლიო ომამდე დროის ათვლა დაიწყო.
რატი თვალავაძე     

პეტრე ბაგრატიონი - სამხედრო კარიერა




 პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი
 (დ. 1765, ყიზლარი, ახლანდელი დაღესტანი ― გ. 12 (24) სექტემბერი, 1812, სოფ. სიმი, ახლანდელი ვლადიმირის ოლქი), რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი (1809), რუსეთის 1812 წლის სამამულო ომის გმირი. წარმოშობით ის ბაგრატიონთა ქართული სამეფო გვარიდან იყო.
 ბაგრატიონი მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. მან ასევე თავი გამოიჩინა 1787-1791 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. 1793-1794 წლებში მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში. 1799 წელს მონაწილეობდა ალექსანდრე სუვოროვის ლაშქრობებში იტალიასა და შვეიცარიაში. საფრანგეთთან 1805-1807 წლების ომში განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სოფ. შენგრაბენთან. მან 6-ათასიანი რაზმით შეაჩერა ფრანგთა 30-ათასიანი არმია. ბაგრატიონმა თავი გამოიჩინა აგრეთვე აუსტერლიცის, პრეისიშ-ეილაუსა და ფრიდლანდის ბრძოლებში. 1808-1809 წლებში მონაწილეობდა შვედეთთან ომში, სარდლობდა 21-ე დივიზიას. 1809-1810 წლებში მარტამდე სარდლობდა მოლდავეთის არმიას რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1811 წლის აგვისტოდან სარდლობდა პოდოლსკის არმიას, 1812 წლის მარტიდან — II დასავლეთის არმიას. ბოროდინოს ბრძოლაში იგი სარდლობდა რუსეთის არმიის მარცხენა ფრთას. ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა და მას გამოეთიშა. გარდაიცვალა სოფ. სიმში. დაკრძალეს იქვე, 1839 წელს კი ბოროდინოს ველზე გადაასვენეს.მისი პაპა ალექსანდრე იყო ვახტანგ VI-ის ძმის იესეს შვილი. მეფე იესეს სიკვდილის შემდეგ მაჰმადიანი ალექსანდრე (ისაკ–ბეგის სახელით) თეიმურაზსა და ერეკლეს ებრძოდა, თუმცა შემდეგ თეიმურაზის მეცადინეობით ის მოინათლა და ეწოდა ალექსანდრე. ის ყიზლარში დასახლდა 1759 წელს. ალექსანდრეს შვილი და პეტრეს მამა ივანე რუსეთის არმიის პოლკოვნიკი იყო. მას ჰყავდა კიდევ ორი შვილი: რომანი (რევაზი) და ალექსანდრე.პეტრე სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა მამიდა ანა გოლიცინასთან. სწორედ მამიდის წყალობით მასზე შეიტყო გრიგოლ პოტიომკინმა, რომელმან 1782 წლის 21 თებერვალს (4 მარტი)[1] 17 წლის ბაგრატიონს სამხედრო სამსახური დააწყებინა ასტრახანის ქვეითთა პოლკში სერჟანტად. 1783 წელს მან პირველად მიიღო მონაწილეობა სამხედრო ოპერაციაში ჩეჩნების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1785 წელს ჩეჩნებთან ბრძოლაში ის ტყვედ ჩაიგდეს, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლა მანსურ მაგომამ პეტრეს მამის ხათრით, რომელიც მათ ადრე ბევრჯერ დახმარებიათ. ამ ოპერაციების შემდეგ მისი პოლკი გაერთიანდა ტომსკის ქვეითთა პოლკთან და დაერქვა კავკასიის მუსკეტერთა პოლკი. 1787—1791 რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს თავი გამოიჩინა ოჩაკოვის სიმაგრის აღებაში (6 (17) დეკემბერი, 1788), რისთვისაც კაპიტნის ჩინი დაიმსახურა. 1792 წლამდე ის ისევ კავკასიაში იბრძოდა. 1793 წელს მან მიიღო პრემიერ−მაიორის ჩინი კიევის კავალერიის პოლკში სამსახურისას. 1794 წელს ის პოლონეთში მეთაურობდა ერთ-ერთ ესკადრონს სუვოროვის არმიაში. ის მონაწილეობდა სედლეცთან გამართულ ბრძოლაში. მან ასევე თავი გამოიჩინა ბროდთან, სადაც ათასი პოლონელი დაამარცხა და მათგან 250 კაცი და ერთი ზარბაზანი ჩაიგდო ხელში. ამ გამარჯვებას მოჰყვა მისი კარიერული წინსვლა: საკუთრივ ამ ბრძოლის გამო ის 1794 წლის 15 (26) ოქტომბერს ვიცე-პოლკოვნიკი გახდა. 1798 და 1799 წლებში კი ჯერ პოლკოვნიკის შემდეგ კი გენერალ-მაიორის სამხრეები დაიმსახურა.1805 წლის აპრილში შეიკრა რიგით მესამე კოალიცია ნაპოლეონის საფრანგეთის წინააღმდეგ. არმია ისევ რუსეთს და ავსტრიას გამოჰყავდათ, ინგლისი კი მას ფინანსურად უზრუველჰყოფდა. თუმცა მანამდე, სანამ მიხეილ კუტუზოვის არმია გენერალ მაკის არმიას შეურთდებოდა, ნაპოლეონმა ავსტრიელებს შეუტია და ულმთან ისე დაამარცხა, რომ 9 (21) ოქტომბერი ავსტრიელებმა კაპიტულაციას მოაწერეს ხელი. როდესაც ეს ამბავი კუტუზოვმა შეიტყო, მან გადაწყვიტა სწრაფი უკან დახევით ეშველა თავისთვის და არმია დუნაის მეორე მხარეს გადაეყვანა. გზაში მას მაკის არმიიდან გადარჩენილი ავსტრიელებიც შეუერთდნენ კინმაიერის მეთაურობით. კუტუზოვის გეგმა ითვალისწინებდა დუნაის გადალახვის შემდეგ არმიის ბუკსგევდენის კორპუსთან შეერთებას.
რუსეთის არმია უკან დახევას ცდილობდა საარიერგარდო ბრძოლებით, რომელსაც ბაგრატიონი მეთაურობდა. უკან დახევისას მისმა არიერგარდმა მდინარე ენსი გადალახა და შემდეგ გადასასვლელები გადაწვა მტრის შესაჩერებლად. თუმცა მათ მაინც მოუწიათ ბრძოლაში ჩართვა. ამშტეტენთან ბაგრატიონის არიერგარდს შეუტიეს, თუმცა გენერალ მილორადოვიჩის დახმარებით მან წარმატებას მიაღწია. საბოლოოდ არმიამ კრემსთან ახლოს დურენშტაინის ბრძოლაში ედუარდ მორტიეს დივიზია დაამარცხა, დუნაი გადალახა და ყველა დაგასასვლელი დაწვა. 3 (15) ნოემბერს ვენის აღების შემდეგ მარშალ იოახიმ მიურატის შენაერთმა დუნაი გადმოლახა და შეეცადა რუსეთის არმიისათვის უკან დასახევი გზები მოეჭრა. მის შესაჩერებლად ბაგრატიონის არიერგარდი გაემართა, თუმცა მიურატს ეგონა, რომ მის წინ მთელი არმია იყო და მათთან მოლაპარაკება წამოიწყო. ამით ისარგებლა ბაგრატიონმა და შეეცადა რაც შეიძლება მეტი დრო გაეყვანა. ასე დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ნაპოლეონი მიუხვდა პეტრეს ამ ხრიკს და მიურატს შეტევა უბრძანა. 4 (16) ნოემბერს ბრძოლა დაიწყო. ბაგრატიონი თავისი 6,000 კაცით შეუპოვრად იბრძოდა შენგრაბენთან. ის ალყაში მოექცა, რომელიც წარმატებულად გაარღვია და უკან დახევა დაიწყო. მან დაკარგა 2,402 კაცი და მთელი არტილერია. თუმცა, ნაპოლეონმა ბრძოლა შეწყვიტა რადგან, არირგარდის მოქმედებამ უზრუნველჰყო რუსეთის არმიის წარმატებული უკანდახევა. ბაგრატიონის სამხედრო ნიჭს ადასტურებს კუტუზოვის წერილიც, რომელიც ალექსანდრე I-ს მიწერა.ბაგრატიონს წარმატებისთვის გენერალ-ლეიტენანტის ჩინი მიანიჭეს და დააჯილდოვეს მარი–ტერეზას ორდენის კომანდორის ჯვრით. უკანასკნელი ავსტრიის იმპერატორმა მიანიჭა. არიერგარდის მებრძოლებს კი დაურიგეს სამკერდე ნიშნები, რომელზეც ეწერა:„ხუთი ოცდაათის წინააღმდეგ“. კუტუზოვმა მალევე ყველასთვის სანატრელი გენერალური ბრძოლის ადგილად ბოროდინოს ველი არჩია. ფრანგებს 130,000 ჯარისკაცი და 587 ზარბაზანი ჰყავდათ, რუსებს კი 120,000 ჯარისკაცი და 640 ზარბაზანი. ბაგრატიონს მაცხენა ფლანგი ებარა. უშუალოდ ბრძოლას წინ უძღვოდა ფრანგების იერიში შევარდინოს რედუტზე. 5 სექტემბერს მიურატმა შევარდინოზე შეტევა დაიწყო. წინააღმდეგობის მიუხედავად მან რედუტი დაიკავა. ამის შემდეგ ბრძოლაში ბაგრატიონი ჩაერთო და რედუტი დაიბრუნა, თუმცა კუტუზოვის ბრძანებით გვიან ღამით უკან დაიხია და შევარდინო ფრანგებს დაუთმო. 7 სექტემბერს ფრანგებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს რუსების მარცხენა ფრთას, რომელსაც ბაგრატიონი მეთაურობდა. მას დაახლოებით ასი ზარბაზანი უტევდა. პირველი იერიში დავუმ წამოიწყო 25-ათასიანი კორპუსით ბაგრატიონის ფლეშებზე. ეს იყო ოთხი ისრის წვერის ფორმის მიწური, რომელიც რკალად შეკრულ ეშალონს ქმნიდა მდინარე კალოჩას წინ. ეს პოზიციები იცავდა რუსების მარცხენა ფლანგს, თუმცა კი არავითარი ლანდშაფტური უპირატესობა არ გააჩნდა. ფლეშებს ასევე ჰქონდა საარტილერიო შენაერთებისოფელ სემოინოვსკოეს მაღლობზე. რომლის ამაღლებული რელიეფი მდ. კალოჩას მარცხენა ნაპირზე კონტროლის საშუალებას აძლევდათ.ფლეშები დაკავებული ჰქონდა გრენადერების მეორე დივიზიას მიხეილ ვორონცოვის მეთაურობით. 6 საათზე არტილერიის დაბომბვის შემდეგ პირველად შეტევაზე გადავიდნენ დეზესა და კომპანის დივიზიები. მათ გადალახეს ეგერთა წინააღმდეგობა და ფლეშებში შეაღწიეს უტიცკის ტყის გავლით. როდესაც დაიწყეს განლაგება, ისინი მოხვდნენ ეგერების ცეცხლის ქვეშ, რომლებსაც კონტრშეტევა წამოეწყოთ და უკან დახევა მოუხდათ. 8 საათზე ფრანგებმა მეორე იერიში წამოიწყეს და დაიკავეს ფლეშების სამხრეთი ნაწილი. ბაგრატიონმა ვორონცოვის დივიზიას საკუთარი ძალები მიახმარა. ფრანგებმა ფლეშბი დატოვეს. დაიჭრნენ კომპანი და დეზე, ასევე კონტუზია მიიღო მარშალმა დავუმ. მესამე შეტევისთვის ნაპოლეონმა გააძლიერა შემტევი ძალები ნეისა და მიურატის კორპუსების ნაწილებით, ასევე ზარბაზნების რიცხვი 160-მდე გაზარდა. თავისმხრივ ბაგრატიონმაც მიიღო დახმარება კუტუზოვისგან, თუმცა ფრანგებმა მაინც შეძლეს ფლეშების სამხრეთ ნაწილში შეღწევა. ხიშტებით ბრძოლაში მძიმედ დაიჭრნრნ გენერლები: დიმიტრი ნევეროვსკი და მიხეილ ვორონცოვი.რუსებმა წამოიწყეს კონტრშეტევა კირასირების პოლკით ისე, რომ მარშალი მიურატი რამის ტყვედ ჩავარდა. მათდა სამწუხაროდ კავალერიას მხარი ვერ აუბეს ქვეითებმა. კირასირები უკუგდებულ იქნენ ფრანგების მიერ. ასე, რომ დილის 10 საათისთვის ფლეშები ისევ ფრანგების ხელში იყო. საბოლოოდ რუსებმა მაინც შეძლეს მისი დაბრუნება ქვეითთა მესამე დივიზიის კონტრშეტევის შემდეგ, რომელსაც მართავდა გენერალი კონოვიცინი.
11 საათისთვის ნაპოლეონმა 45 ათასი ქვეითითა და კავალერიით და თითქმის 400 ქვემეხით დაიწყო მეოთხე იერიში. ბაგრატიონმა, რომელიც მიხვდა, რომ ამხელა ძალების ზეწოლას ვერ გაუძლებდა, თვითონ გადავიდა შეტევაზე 20 ათასი კაცით, რომელსაც სათავეში თვითონ ჩაუდგა. ფრანგებმა ბაგრატიონის ძალები შეაჩერეს და დაიწყო ხიშტებით ბრძოლა, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა. რუსებმა უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ ამ დროს ბაგრატიონი ყუმბარის ნატეხებით თეძოში დაიჭრა და ბრძოლას გამოეთიშა. ამან ჯარისკაცებზე რა თქმა უნდა ცუდად იმოქმედა. მათ უკან დახევა დაიწყეს. მეორე არმიის ხელმძღვანელობა კონოვიცინმა ითავა, რომელიც შემდეგ კუტუზოვმა ინფანტერიის გენერალი დოხტუროვით შეცვალა.დაჭრილი ბაგრატიონი გადაიყვანეს მამიდამისთან სოფელ სიმში. 24 სექტემბერს ჭრილობის მიღებიდან 17 დღის შემდეგ ბაგრატიონი გარდაიცვალა. 30 სექტემბერს კი ის დაასაფლავეს სიმის ეკლესიაში. ბაგრატიონის ადიუტანტი, დენის დავიდოვი იბრძოდა ბაგრატიონის ნეშთის ბოროდინოს ველზე გადასვენებისთვის და 27 წლის შემდეგ საწადელს მიაღწია. 1839 წელს მან მოიპოვა ბაგრატიონის ნეშთის გადასვენების უფლება, თუმცა მას ვერ მოესწრო.

Wednesday, 29 March 2017

გსურს გაიგო "ვინ ხარ",უნდა შეიგნო "ვინ იყავი ",გინდა იქცე "რამედ",უნდა შეიტყო "რა განვლე," "საითკენ"?

                                                         გრ.რობაქიძე

ჩემი სტატია

  მუზეუმების როლი სასკოლო განათლებაში    თბილისი N24 საჯარო სკოლის ისტორიის მასწალებელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო...

რჩეული ამბები